logo
ENG



პირველი არხი "ფორმულას" იუმორისტული სკეტჩის გამო მარეგულირებელ კომისიაში უჩივის

19 აგვ 202017:09
3 წუთის საკითხავი
 

საზოგადოებრივი მაუწყებელი ტელეკომპანია ფორმულას იუმორისტულ გადაცემას კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში უჩივის. საქმე ეხება გადაცემა "ფსკერის" საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ მომზადებულ იუმორისტულ სატირულ სკეტჩს

პირველი არხი მიიჩნევს, რომ ფორმულამ საავტორო უფლებები დაარღვია და მარეგულირებელი კომისიისგან დაუყოვნებელ რეაგირებას მოითხოვს.

"მიგვაჩნია, რომ იუმორისტულ სკეჩად შეფუთული პირველი არხის გადაცემის 'ახალი დღე' უნიჭო იმიტაცია, განზრახ მიმართული იყო მაყურებლის შეცდომაში შეყვანაზე, რადგან პირველი არხის სახელით და 'არაიუმორისტული' ფორმით, გადაცემა 'ფსკერის' სახელით გავრცელდა პოლიტიკური კონტექსტის მქონე კონტენტი. ნდობა - ეს არის ერთერთი ღირებულება, რასაც ეფუძნება საზოგადოებრივი მაუწყებელი. სწორედ ამიტომ კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია პირველი არხის სახელით ეთერში, თუნდაც 'იუმორის' სახით შეფუთული კონტენტის მომზადება და ეთერში გაშვება", - წერია პირველი არხის საჩივარში.

გადაცემა "ფსკერის" წამყვანი ნიკა ქავთარაძე აცხადებს, რომ ამ საჩივრით საზოგადოებრივი მაუწყებელი, ფაქტობრივად, იუმორის, სარკაზმის, პაროდიის სანქცირებას მოითხოვს. მას იმედი აქვს, რომ კომისია აღნიშნულ საჩივარს იუმორით შეხედავს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კომისია პირველი არხის საჩივარს დააკმაყოფილებს, ეს იქნება დარტყმა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, რაც ზოგადად ყველა მედიისთვის სახიფათო იქნება.

"ძალიან უცნაურია, რომ ამ ტელეკომპანიას აქვს 70 მილიონი და ჩვენი ძალიან ნაცნობი მსახიობები თუ მათ წამყვანები ჰგონით, მე მგონი, იქით უნდა ვუჩივლოთ პირველ არხს. იმიტომ, რომ ამდენ ფულს ხარჯავენ და კაცი ვერ ცნობს მაგათ წამყვანებს.  ეს არის მცდელობა, რომ უცნაური შეფუთვით, გამოხატვის თავისუფლება შეზღუდონ. ეს არის იუმორისტული გადაცემა, შესაბამისად, არ არის შეზღუდვა", - განაცხადა ნიკა ქავთარაძემ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის იურისტებმა ტელეკომპანია ფორმულასთან დამატებითი კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში სხდომა ხვალ არის დანიშნული, სადაც ამ საკითხს განიხილავენ.


close დახურვა